
რაბათის ნამოსახლარი


რაბათის ნამოსახლარზე ათასწლეულების განმავლობაში უწყვეტი ცხოვრების კვალია დაფიქსირებული. აქ გვხვდება დაახლოებით 5000 წლის წინანდელი (მტკვარ-არაქსის კულტურის) მონუმენტური ქვის ნაგებობა, რომლის მიტოვების შემდეგ მალავე მის თავზე ჩნდება მომდევნო პერიოდის, დაახლოებით 4300–4000 წლის წინანდელი (ბედენის კულტურის) ნამოსახლარის ფენები. ამ ფენებს ჭრის მომდევნო ხანის (თრიალეთის კულტურის მესხური ვარინტი), დაახლოებით 3900–3600 წლის წინანდელი ქვით ნაშენი სახლები.
რაბათის ნამოსახლარის თითქმის მთელ ფართობს მოიცავს შუა საუკუნეების (მე-12-14 საუკუნების) ნაგებობები, მათ შორის კოშკი და გალავანი. აქვე, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო ეკლესიაც, რაზეც მიუთითებს მიწის ზედაპირზე აღმოჩენილი ქვის ტიმპანი ჯვრის გამოსახულებით.
რაბათზე წარმოდგენილია ასევე გვიანი შუა საუკუნეების ტრადიციული მესხური მიწური სახლები, თავისი უნიკალური ხის არქიტექტურით, რომლებიც ერთმანეთთან გვირაბებით (დარნებით) იყო დაკავშირებული .
რაბათის ნამოსახლარი Findings
Plan
რაბათის ნამოსახლარზე პირველი არქეოლოგიური გათხრები, რომელიც საცდელი ხასიათის იყო, 1973 წელს ტარიელ ჩუბინიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის ცნობილი თიხის ობსიდიანის თვალებიანი ორთავიანი ფიგურა. მომდევნო პერიოდში რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევა გააგრძელა სამცხე-ჯავახეთის მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ ოთარ ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში, ნამოსახლართან ერთად, მის მიმდებარედ აღმოჩენილ იქნა შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანული ტიპის სამარხები, რომლებიც მათი აღმომჩენის აზრით გარკვეულ სიახლოვეს ავლენს წინა აზიასა და ეგეოსურ სამყაროსთან.
რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევა 2016 წელს ქართულ-ავსტრალიური პროექტის ეგიდით განახლდა, რომელსაც ავსტრალიური მხრიდან ანტონიო საგონა ხელმძღვანელობდა. ამ კვლევების შედეგად გამოვლენილ იქნა ადრებრინჯაოს და შუა ბრინჯაოს ხანის ნაგებობები, მათ შორის მის მიმდებარედ არსებული ყორღანების თანადროული ფენები.
რაბათის ნამოსახლარის კვლევაში ჩართულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, როგორიცაა პალეობოტანიკოსი, პალინოლოგი, ზოოარქეოლოგი და გეოდეზისტი. აღნიშნული მულტიდისციპლინური კვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უძველესი მოსახლეობის ცხოვრების წესის აღდგენაში, მათ შორის მათი ეკონომიკური საქმიანობის, სოციალური ორგანიზაციისა და სხვა ასპექტების შესწავლაში.









